Thursday, June 20, 2019

კვლევა



მოტივაციის  ამაღლების  მექანიზმების   კვლევა სსიპ  ქალაქ   ქუთაისის  №29  საჯარო   სკოლის  მე-7 და   მე-12   კლასებში

სარჩევი

1.შესავალი                                                                                                                            
2.ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი
3.მეთოდოლოგია
4.კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან                                                             
5.კვლევის ვადები
თავი 1
1.1.კვლევის დაგეგმვა, საკვლევი ობიექტის შერჩევა
1.2.საკვლევი პრობლემის  აქტუალობა
1.3.კვლევის საგანი, ამოცანები, მიზნები
1.4.ლიტერატურის მიმოხილვა
თავი 2
ძირითადი საკვლევი საკითხები
თავი 3
კვლევის  ანალიზი
თავი 4
შესაძლო  ინტერვეციები
თავი 5
განხორციელებული საკითხები
თავი 6
რეკომენდაციები
ინტერვეციის  შეფასება
თავი 7
დასკვნა
თავი 8
ბიბლიოგრაფია
დანართი-1
დანართი-2
რეფლექსია                                                                                                                                                                            


















შესავალი
     ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ ქუთაისის №29 საჯარო სკოლაში განხორციელებული   პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.
    კვლევა განახორციელა ამავე სკოლის პედაგოგმა ლალი მიქაძემ, რომლის მიზანი იყო სკოლის  საჭიროებების კვლევა. ნაშრომი შედგება შემდეგი თავებისაგან: საკვლევი საკითხის მიმოხილვა,  ინფორმაცია სკოლის შესახებ, კვლევის მიზანი და ამოცანები, ძირითადი საკვლევი საკითხები, კვლევის ანალიზი, განხორციელებული საკითხები, რეკომენდაციები, დასკვნა, ბიბლიოგრაფია.
ინფორმაცია სკოლის  შესახებ, სამიზნე ჯგუფი
    სსიპ ქალაქ ქუთაისის №29 საჯარო სკოლა მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, სულხან-საბას გამზირი N71ა, სკოლაში სწავლობს 584 მოსწავლე (27 კლასი), ასწავლის 45 პედაგოგი. გამოიკითხა მე- 7 და მე-12 კლასის მასწავლებლები  და მოსწავლეები.
მეთოდოლოგია
    კვლევის ფარგლებში გამოვიყენე პრაქტიკის კვლევის  დიზაინი. კერძოდ, შერეული კვლევა, რომელიც განპირობებული იყო საკვლევი საკითხის სპეციფიკით. 
   თვისებრივი კვლევა: საკვლევი საკითხის შერჩევის მიზნით ავიღე ინტერვიუ სკოლის მასწავლებლებისგან.
   რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტად გამოვიყენე  კითხვარი, რომელიც დაურიგდა მე- 7 და მე- 12  კლასის მასწავლებლებსა  და  მოსწავლეებს, რათა განსაზღვრულიყო მოტივაციის არსებული დონე და შეგვემუშავებინა მისი ამაღლების  მექანიზმები.
კავშირი  ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან
  სწავლისა და  სწავლების მიზანია, მოზარდს განუვითარდეს ძირითადი  საკომუნიკაციო  უნარები: წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი. გამოიმუშაოს წერითი  და ზეპირი მეტყველების კულტურა; შეძლოს აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმა; ჩამოუყალიბდეს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი; მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში; შეძლოს ტექსტის ანალიზი,  გაიაზროს მწერლის შემოქმედება, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების  გათვალისწინებით. ყოველივე ეს კი, ვერ მიიღწევა თუ  მოსწავლეს  არ აქვს  მოტივაცია, რადგან  მასზეა  დამოკიდებული ბავშვის  განვითარება  და შედეგები  სწავლის  პროცესში.
კვლევის  ვადები
2017 წლის  ოქტომბერი- 2018 წლის მაისი.
                                   
თავი I
1.1 კვლევის  დაგეგმვა, საკვლევი  ობიექტის   შერჩევა
  პრაქტიკული  კვლევის  ობიექტად  შეირჩა სსიპ ქალაქ ქუთაისის №29 საჯარო სკოლის  მე-7 და მე-12 კლასები. კვლევის  ძირითადი  თემაა  მოსწავლეთა  მოტივაციის ამაღლების გზების ძიება მე-7 და მე 12 კლასებში. სპეციალურად  კვლევისათვის  შედგენილი  ანკეტა-კითხვარი  განკუთვნილია  საჯარო  სკოლის იმ მასწავლებელთათვის, რომლებიც ასწავლიან აღნიშნულ კლასებს და ამავე კლასების  მოსწავლეებისათვის. ვფიქრობ, აღნიშნული  კვლევის  შედეგად  გაიზრდება  მოსწავლეთა  მოტივაცია, რომელიც  ხელს  შეუწყობს მოსწავლეთა ნიჭისა და უნარების   რეალიზებას.
  სკოლაში სულ 584  მოსწავლეა,  მე-7 და მე-10 კლასებში - 84,   მე-7 კლასში ორი პარალელია და 48  მოსწავლე, მე-12 კლასშიც-ორი პარალელი და 36  მოსწავლე.
  ჩემ მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევა გამომდინარეობს სკოლის საჭიროებისგან. დირექტორთან და საგნის მასწავლებლებთან  გასაუბრების შემდეგ დადგინდა, რომ სკოლაში რეალურად არსებობს პრობლემა, რომელიც მდგომარეობს  იმაში, რომ  მოსწავლეთა ნაწილს  აქვს სწავლის  დაბალი დონე. მასწავლებლებთან  ინტერვიუების  შედეგად  დადგინდა, რომ  ამ პრობლემის გამომწვევი ერთ- ერთ  მიზეზი  მოტივაციის  დაბალი  დონეა.   
1.2 საკვლევი  პრობლემის აქტუალობა
  საკვლევი  პრობლემის  აქტუალობის  გამოსარკვევად გამოკითხვა  ჩავატარე პედაგოგებთან. შეხვედრის შედეგად შევჯერდით, რა არის გასაუმჯობესებელი და რა შეიძლება იყოს პრობლემის გამომწვევი  მიზეზი:
ა. მძიმე  ოჯახური  მდგომარეობა.
ბ. მობილურზე  დამოკიდებულება.
გ. საშინაო დავალების  გადაჭარბებულად  მიცემა.
დ. არასათანადო  რეაგირება  კარგ  ქმედებაზე.
1.3 კვლევის  საგანი, ამოცანები და მიზნები
   კვლევის მიზანი  იყო გამერკვია, რამდენად  ექცევა  ყურადღება  მოტივაციის  ამაღლებას  მოსწავლეებში, რა მექანიზმებს  იყენებენ  მასწავლებლები  სასურველი  შედეგის  მისაღებად.       
  საკვლევი საკითხი აქტუალურია, რადგან მოტივაციის დაბალი დონე პირდაპირ აისახება სწავლის  ხარისხზე. მოტივაციის ამაღლებას განაპირობებს გარემო პირობები, რომელშიც მოზარდი ცხოვრობს, მაგრამ განუსაზღვრელად  დიდია  მასწავლებლის  როლი, განსაკუთრებით  საგაკვეთილო  პროცესში.
  ვფიქრობ, აღნიშნული კვლევის შედეგი ხელს შეუწყობს მოტივაციის გაზრდას და თავისთავად აისახება  შედეგებზე, რაც ჯამში შეადგენს მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლისა და, საერთოდ, სკოლის ინტერესს. მოსწავლეთა მოტივირება მიზანმიმართული პროცესია, რომელიც ხელს უწყობს მაღალი აკადემიური  მოსწრებისა  და მოსწავლეთა ნიჭისა და უნარების რეალიზებას. 
ლიტერატურის  მიმოხილვა
  დიდი ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე აღნიშნავს, რომ ,,სწავლის პროცესში ძირითადი კონკრეტული  ჩვევა  და ცოდნა როდია, არამედ იმ  ძალების განვითარება, რომლებიც სწავლის პროცესში ღებულობენ მონაწილეობას.’’1 ამ ძალების  განვითარებისთვის კი საჭიროა, „საყრდენი  წერტილი“ მოსწავლისათვის, რათა ჰქონდეს „სურვილი/იმპულსი ქმედებისა და ეს ქმედებები  კონკრეტული მიზნის  აღსრულებისკენ მიმართოს“. მეცნიერი საუბრობს შემეცნებითი ინტერესისა  და  სწავლის ღირებულების მიმართ გაცნობიერებულ  დამოკიდებულებაზე, რომელიც უახლოვდება  დასავლური ფსიქოლოგიური სკოლის მიერ აღიარებულ შინაგან მოტივაციას.                                   
 მეცნიერთა  უმრავლესობა  მიიჩნევს, რომ  მოტივაცია მე-3 კლასიდან  მნიშვნელოვნად  კლებულობს და  მოსწავლეები უფრო დიდ ანგარიშს გარე ფაქტორებს უწევენ, თუმცა ზოგჯერ, გარე ფაქტორიც უძლურია, რადგან მასალა  რთულდება და მოსწავლე კარგავს სწავლის მოტივაციას.2 სწორედ აქაა მნიშვნელოვანი  მასწავლებლის  როლი, რომ იზრუნოს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაზე.
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დამხმარე სახელმძღვანელოში:  ,,სწავლება და  შეფასება’’3 განიხილავს დასავლური ფსიქოლოგიური სკოლის წარმომადგენელთა  თეორიებს  მოტივაციის  არსის, მისი სახეების და ამაღლების საშუალებების შესახებ. განხილულია ე. წ. შინაგანი  მოტივაცია, რომელიც  არის  იმ კონკრეტული ქმედებისკენ სწრაფვა, რომელიც  შიგნიდან  არის  გამოწვეული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების თუ რაღაცის აღმოჩენის სურვილით. გარეგანი  მოტივაცია კი კონკრეტული ქმედებისკენ სწრაფვაა, რომელიც გამოწვეულია გარე ფაქტორების: ჯილდოს  ან აღიარების მოპოვების სურვილით. აუცილებელია, მასწავლებელმა კარგი ურთიერთობა დაამყაროს  მოსწავლესთან, გააჩნდეს იუმორის გრძნობა, იყოს თავაზიანი, ხალისიანი, შეეძლოს უხერხულობის  დარეგულირება, ყურადღებით  უსმენდეს  მოსწავლეს, იყოს  მაგალითის  მიმცემი.
 მოტივაციის  ბიჰევიორისტული4  მიდგომა განიხილავს სწავლას, როგორც ქცევის ცვლილებას, რომელიც გამოცდილების შედეგად მიიღწევა. სწავლის ან სწავლების ხარისხის ზრდა მოტივაციის შედეგია. ჰუმანისტური თეორია მიმართულია პირადი პოტენციალის გამოყენებაზე. აბრაჰამ მასლოუს, ჰუმანისტური მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სჯეროდა, რომ ყველა ადამიანი მიილტვის თვითაქტუალიზაციისაკენ.
----------------------------------------------------------------------------------------
1.   . უზნაძე, ,,განწყობის თეორია’’, განვითარებისა და სწავლის თეორიები, მასწავლებელთა  განვითარების  ეროვნული  ცენტრი, 2010 წელი.
2. ორმონდი, 2008 წელი.
3.4. ,,სწავლება  და  შეფასება’’, 2010წელი, მასწავლებელთა  განვითარების  ეროვნული ცენტრი.
თავი  II
ძირითადი   საკვლევი  საკითხები
1. რამდენად  აისახება  მოსწავლის  აკადემიურ  მოსწრებაზე  მოტივაციის არქონა?
2. როგორია  მოტივაცია  მე-7  და  მე-12 კლასებში?
3. მასწავლებლები  ცდილობენ  თუ  არა  აუმაღლონ  მოსწავლეებს   მოტივაცია  საგაკვეთილო   პროცესში?
4. რა  ხერხებს  იყენებს  მასწავლებელი  სასურველი  შედეგის  მისაღწევად?
5. შეფასების  რომელ ფორმას  (შექება, დასჯა, შეფასება-გამოხატული  ქულებით) იყენებს  ყველაზე  ეფექტურად  მასწავლებელი?
6. აისახება  თუ  არა მასწავლებლის  განწყობა  ან  მოტივაციის  დაბალი  დონე მოსწავლეებზე  და, თუ აისახება როგორ?
 კვლევაში ჩართული იყო სსიპ ქალაქ ქუთაისის №29 საჯარო სკოლის მე-7 და მე-12კლასის მასწავლებლები და მოსწავლეები. აქვე უნდა  აღინიშნოს, რომ ეს  მასწავლებლები დაბალ  კლასებსაც  ასწავლიან. ამან მოგვცა  შესაძლებლობა შეგვედარებინა  მოტივაციის დონის სხვაობა  მაღალ და დაბალ კლასებში.  შემუშავდა  სპეციალური  კითხვარი, რომელიც  ასახავდა  მოცემული  კვლევის  მიზანს.
                                                              
თავი  III
კვლევის   ანალიზი
  ოთხივე კლასის მასწავლებლებს დაურიგდათ კითხვარი, რომლის შევსების სურვილი თვითონ  გამოთქვეს. კითხვარი  შედგებოდა  ხუთი კითხვისგან. მათ შორის იყო ღია და დახურული ტიპის  კითხვები. (იხ. დანართი №1) გამოიკითხა 15 მასწავლებელი. კვლევის  შედეგი  ასეთია:

კითხვა №1
  როგორ ფიქრობთ, რამდენად აისახება მოტივაციის მაღალი ან დაბალი დონე მოსწავლის აკადემიურ  მოსწრებაზე?
  პასუხები  აღნიშნულ  კითხვაზე  სხვადასხვაგვარია, თუმცა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოტივაციის დონე  აისახება მოსწავლის აკადემიურ  მოსწრებაზე.
1. მოტივაციის  არქონა ან დაბალი მოტივაცია, აფერხებს მოსწავლის  აკადემიურ  განვითარებას,- აღნიშნავს 9 გამოკითხული, რაც  საერთო  რაოდენობის 60%   შეადგენს;
2. გამოკითხულ მასწავლებელთაგან სამი მასწავლებლის  აზრით, რომელიც 20% ტოლია, თუ კი  მოსწავლეს  ვერ  შევუქმნით განწყობას, გაკვეთილი  მისთვის  უინტერესო  იქნება;
3. უმოტივაციო და დაბალი მოტივაციის მქონე მოსწავლე ვერც ერთ  მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ შეასრულებს,- ასე  თვლის  გამოკითხულ მასწავლებელთა  20%,  ანუ 3 მასწავლებელი.



კითხვა №2
 თქვენი  დაკვირვებით, განსხვავდება  თუ არა  მოტივაციის  დონე კლასების  მიხედვით და როგორ?
ამ კითხვაზე  პასუხები  ასეთია: 
1. დაბალ  კლასში  მოტივაციის  დონე მეტია. ისინი  ამ  საფეხურზე  მეტად  მოტივირებულნი  არიან, ვიდრე  შემდგომში, ასე  თვლის გამოკითხულ მასწავლებელთა 25% (4 მასწავლებელი);
2. გამოკითხულ მასწავლებელთა 35% (5 მასწავლებელი) თვლის, რომ  თუ  დაბალ კლასებში საკმარისი  შედეგის  მისაღწევად  მცირე შინაგანი  მოტივაცია  კმარა, ეს  საკმარისი არ არის მაღალ  კლასებში;
3. მოტივაციის გაზრდის მიზნით, ინდივიდუალური მიდგომის აუცილებლობაზე საუბრობს გამოკითხულ მასწავლებელთა 40%, ანუ 6 მასწავლებელი. 


კითხვა №3
 საგაკვეთილო პროცესში ცდილობთ თუ არა მოსწავლეებისათვის მოტივაციის ამაღლებას და რა  საშუალებებს  იყენებთ ამ  მიზნით?
 გვაქვს  შემდეგი  განსხვავებული  პასუხები:
1. მოსწავლეთა მოტივირებას  ვცდილობ როლური  თამაშებით, მაპროვოცირებელი კითხვებით, მოსასმენი მასალით, დისკუსიით,  მსჯელობით, ბარათითა და კითხვა-პასუხით. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 40% ანუ, 6 მასწავლებელი;
2. ცდილობენ მიაღწიონ სასურველ შედეგს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და  პირადი გამოცდილებით შემუშავებული მეთოდების გამოყენებით- ფიქრობს გამოკითხულთა 26% ანუ, 4 მასწავლებელი;
3. ინდივიდუალურად ვუდგები ყველა მოსწავლეს. ზოგისთვის სიტყვიერი შექებაც საკმარისია, ზოგისთვის ქულებით გამოხატული  შეფასებაა  მეტად  მნიშვნელოვანი- მიიჩნევს გამოკითხულთა 20% ანუ 3 მასწავლებელი;
4. სწავლების  ინტერაქტიული  მეთოდების  გამოყენებით ცდილობს მიაღწიოს  შედეგს, გამოკითხულთა 14% ანუ 2 მასწავლებელი. 



კითხვა №4
ჩამოთვლილთაგან, კონკრეტული  შედეგის  მისაღწევად, რომელს იყენებთ უფრო  მეტად:
                        ა. შექება                            ბ. დასჯა                     გ. შეფასება (გამოხატული   ქულებით)
შედეგები  შემდეგნაირად  გადანაწილდა:
1. შექება - 8 მასწავლებელი (53%);
2. შეფასება გამოხატული ქულებით - 4 მასწავლებელი (26%);
3. შექება, დასჯა - 1 მასწავლებელი (7%);
4. შექება, შეფასება-2 მასწავლებელი (14%).



















კითხვა №5
 აისახება  თუ არა მასწავლებლის გუნება-განწყობა მოსწავლეებზე და როგორ? პასუხი დაასაბუთეთ.
 პასუხები  ასეთია:
1. მასწავლებლის გუნება-განწყობა ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, რადგან მასწავლებელი არის ის დამხმარე პირი, რომელიც ეხმარება მათ საგაკვეთილო პროცესის მართვაში, თვლის გამოკითხულთა 53% ანუ 8 მასწავლებელი;
2. მასწავლებლის ცუდი განწყობა გადამდებია და მოსწავლეთა უყურადღებობასა და საგაკვეთილო  პროცესიდან  ამოვარდნას  იწვევს, თვლის გამოკითხულთა 26% ანუ 4 მასწავლებელი;
3. მასწავლებელი რაც შეიძლება მეტი კეთილგანწყობით უნდა შედიოდეს გაკვეთილზე, რათა ხალისითა და საინტერესოდ წარმართოს საგაკვეთილო პროცესი, მიაჩნია გამოკითხულთა 20% ანუ 3 მასწავლებელს.

 მე-7 და მე-12 კლასის მოსწავლეებს დაურიგდათ კითხვარი, რომლის შევსების სურვილი თვითონ  გამოთქვეს.(იხ.დანართი-2) გამოიკითხა 84 მოსწავლე. კვლევის  შედეგი  ასეთია:

კითხვა №1
როგორ ფიქრობთ, მასწავლებლის შექება დადებითად აისახება თუ არა თქვენს  წარმატებაზე?
  გამოკითხულთაგან 77% ანუ 65 მოსწავლე მიიჩნევს, რომ მასწავლებლის შექება სტიმულის მიმცემია  მათთვის, 23% ანუ 20 მოსწავლე კი თვლის, რომ მასწავლებლის  შექებას  არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ ძლიერი შინაგანი მოტივაცია  აქვთ.


კითხვა №2
შეფასების რომელი ფორმა  მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად?
                                             ა) შექება                             ბ) ქულა
 ამ  კითხვასთან  დაკავშირებით, მოსწავლეთა  აზრი  სამად  გაიყო: 42% ანუ 35 მოსწავლე მიიჩნევს, რომ მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქულას, 23% ანუ 20 მოსწავლე ფიქრობს, რომ ორივეს დიდი  მნიშვნელობა  ენიჭება: შექებასაც  და  ქულასაც, ხოლო 35%-ის ანუ 29 მოსწავლის აზრით კი,  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია  მასწავლებლის  შექება.


კითხვა №3
უნდა  მისცეს  თუ  არა  მასწავლებელმა  მოსწავლეს  შენიშვნა  კლასის  თანდასწრებით?
 ყველა  გამოკითხული  მოსწავლე  ფიქრობს, რომ  მასწავლებელმა  მოსწავლეს  შენიშვნა  არ  უნდა  მისცეს  კლასის  თანდასწრებით.


კითხვა №4
მოგწონთ  თუ  არა  სახალისო  გაკვეთილები?
 მოსწავლეებს  ძალიან  მოსწონთ  სახალისო  გაკვეთილები. აღნიშნავენ, რომ ასე უფრო  საინტერესოა  სწავლა  და  კარგადაც  ამახსოვრდებათ.



კითხვა №5
მასწავლებელთა  71%(60 მასწავლებელი) მოსწავლეებს აძლევს დავალების  არჩევის  საშუალებას, ხოლო 29%(24 მასწავლებელი) კი- თავისი შეხედულების მიხედვით.

თავი  IV
შესაძლო    ინტერვენციები
  კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის  რამდენიმე ვარიანტი:
  მოსწავლეთა  მოტივაციის გაზრდის  მიზნით,  სასურველია: 
  1. მივცეთ მათ  არჩევანი;
  2. თავიანთი  აზრის, თუნდაც  საწინააღმდეგო  მოსაზრების,  თამამად     გამოხატვის  საშუალება;
  3. დავალების  მათივე  ინტერესით  შერჩევის უფლება;
  4. შევუქმნათ   სასურველი სასკოლო  გარემო;
  5. ვიზრუნოთ კარგი პიროვნული  ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე  და მივცეთ  მკაფიო  და  გასაგები მითითებები;
  6. სასურველია  პირადი  მაგალითის მიცემაც, რომელიც  აუცილებლად  გაზრდის  მოტივაციას.
                                                                    
თავი  V
განხორციელებული  საკითხები
  ზემოთ მოცემული ინტერვენციის ვარიანტები განვიხილეთ  სხვა კოლეგებთან, ადმინისტრაციასთან  და  განვახორციელეთ   მთელ სკოლაში.
1. მივეცით მოსწავლეებს არჩევანის უფლება, თავიანთი აზრის, თუნდაც საწინააღმდეგოს, გამოხატვის საშუალება.
2. გაღრმავდა თანამშრომლობა მე-7-და მე-12 კლასების მასწავლებლებს შორის, გამოცდილების  გაზიარებისა და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა  მოტივაციის ამაღლების  მიზნით. განხორციელდა მასწავლებელთა ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე. ამ  აქტივობით  მასწავლებლებმა  შეძლეს  დაენახათ  მსგავსებები, განსხვავებები  და  გაეზიარებინათ   საგაკვეთილო   პროცესში  მოტივაციის  ამაღლების  გზები  და  სირთულეები.         
                                                  
თავი  VI
რეკომენდაციები
 შევიმუშავე  რეკომენდაციები  მე-7 და მე-12  კლასებში  საგაკვეთილო  პროცესში  მოტივაციის  ამაღლების  მიზნით:
1. მასწავლებელმა  მოსწავლესთან  უნდა ჩამოაყალიბოს  კარგი  პიროვნული  ურთიერთობა, შექმნას სასურველი სასწავლო ატმოსფერო, დაუსახოს მოსწავლეებს  მაღალი  მოთხოვნები.
                                                       
ინტერვენციის  შეფასება
 ჩემი  შეფასების მიზანს  წარმოადგენდა გამეგო:
ა. რამდენად მოსახერხებელია  კვლევის  შედეგად  გამოვლენილი ინტერვენციების  გამოყენება მოსწავლეთა  მოტივაციის  გაზრდის  მიზნით?
ბ. დაეხმარება  თუ  არა ეს  მოსწავლეს  საკუთარი ნიჭისა  და  უნარების რეალიზებაში?
 ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ჩავატარე ინტერვიუები მე-7 და მე-12 კლასის მასწავლებლებთან, უშუალოდ იმ პიროვნებებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ ცვლილების დაგეგმვასა და  განხორციელებაში.

თავი VII
დასკვნა
 გამოკითხულ  მასწავლებელთა  100% მიიჩნევს, რომ  მოტივაციის  არქონა  უარყოფითად  აისახება  მოსწავლეთა აკადემიურ  შედეგებზე  და,  შესაბამისად  დაბალი  მოტივაციის  მოსწავლეები  ჩამორჩებიან  სწავლაში. უმოტივაციო  მოსწავლეები  სასწავლო  პროცესს  უდგებიან  მოვალეობის  მოხდის  მიზნით.  გამოკითხულთა  100% აღნიშნავს, რომ  მოტივაცია  კლასების  მიხედვით  განსხვავდება- დაბალ  კლასებში  გაცილებით  მაღალია  იგი. 
 საგაკვეთილო  პროცესში  მოსწავლეთა  მოტივირებას  ცდილობს გამოკითხულთა  100%. განსხვავებულია  მათი  მეთოდები. ნაწილი მოტივაციის  ამაღლებას  ცდილობს ინდივიდუალური  მიდგომით: მოფერებით, შექებით.  ნაწილი  მნიშვნელოვნად  მიიჩნევს  მათ ჩაბმას როლურ  თამაშებსა  და  დიალოგის  რეჟიმში, ზოგისთვის  უფრო  შედეგიანია, მოსწავლეთა  წახალისების  მიზნით,  სიგელების,  დიპლომების  დარიგება. მოტივაციის  ამაღლებისთვის  50% შექებას  იყენებს,  25%-შეფასებას, დანარჩენი 25%  გადანაწილებულია  მათზე, ვინც შექებას და დასჯას მიმართავს. გამოკითხულთა 100%  აღნიშნავს, რომ  მასწავლებელთა  განწყობა  და   მოტივაციის  დონე  მოქმედებს  მოსწავლეებზე. ისინი  თვლიან, რომ   გაკვეთილი  ისეთივეა,  როგორიცაა  მასწავლებელთა  განწყობა  საგაკვეთილო  პროცესის  მიმართ. აქედან  გამომდინარე,  სკოლასა  და  მასწავლებელს  დიდი   როლი  აკისრია  ბავშვის  წარმატებულ  პიროვნებად  აღზრდის  საქმეში.  ერთ -ერთი  უმნიშვნელოვანესია  მოსწავლის  მოტივირება. უნდა   დავაინტერესოთ  ისინი, რათა  გავუადვილოთ  სასწავლო  პროცესი  და  მეტი ხალისით  მიაღწიონ  წარმატებას. ასე რომ, მოტივაცია  პირდაპირ  კავშირშია  აკადემიურ  მოსწრებასთან, იმდენად,  რამდენადაც  მოტივირებული  მოსწავლე  მეტი  მონდომებით  ცდილობს  სწავლას,  უხარია  სკოლაში  სიარული.  ეს  კი  დადებითად   აისახება მისი  განათლების  დონეზე.
                                                                     


თავი   VIII
ბიბლიოგრაფია
1.http://www.power.ge.2016 წელი, ,,როგორ  გავაძლიეროთ   ბავშვის  მოტივაცია’’;
2.,,სწავლება  და შეფასება,“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული  ცენტრი,’’2010წელი, ტყემალაძე, დალაქიშვილი, თოფაძე, პაჭკორია, ბუწაშვილი;
3.ნატალია  საღინაშვილი, nataliesun. Wordtpress  com.,,მოტივაციის   ძალა’’;
4.www.mastsavlebeli.ge, ინტერნენტ-გაზეთი, ,,მოტივაცია  კლასში”;
5.,,მოტივაციის  თეორიები’’, ბერძენიშვილი,2015წელი,9 ოქტომბერი;
6. დ. უზნაძე, ,,განწყობის  თეორია.’’ 
7. ,,განვითარებისა  და  სწავლის  თეორიები’’,    მასწავლებელთა  განვითარების  ეროვნული  ცენტრი,2010წელი.
8. „ როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეებს მოტივაცია,’’ ოსიაშვილი, 2014 წელი.
9. ,,მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში,“ აბულაძე, 2013 წელი.

დანართი №1
მასწავლებლის   კითხვარი
სახელი, გვარი-
სკოლა, სადაც  მუშაობთ-
 საგნები, რომლებსაც  ასწავლით-
კლასი/კლასები, რომლებსაც  ასწავლით-
1.როგორ   ფიქრობთ, რამდენად  აისახება  მოტივაციის  არქონა, ან  პირიქით,  მოსწავლის   აკადემიურ  მოსწრებაზე?
2.თქვენი  დაკვირვებით, განსხვავდება  თუ არა  მოტივაციის   დონე  კლასების  მიხედვით?(განიხილეთ  მე-7,მე-12 კლასების   მაგალითზე)თუ  კი,  მაშინ  როგორ?
3.საგაკვეთილო  პროცესში  ცდილობთ  თუ   არა  მოსწავლეებისთვის  მოტივაციის  ამაღლებას  და  რა მეთოდებს  იყენებთ  ამისთვის?
4.კონკრეტული შედეგის  მისაღწევად  ჩამოთვლილთაგან  რომელს  იყენებთ  უფრო  მეტად?
ა. შექება    ბ. დასჯა        გ. შეფასება (გამოხატული   ქულებით).
5.თქვენი  დაკვირვებიდან  გამომდინარე, აისახება  თუ  არა  მასწავლებლის   განწყობა/მოტივაციის  დაბალი   დონე   მოსწავლეებზე? როგორ? პასუხი დაასაბუთეთ.

დანართი №2
მოსწავლის კითხვარი-
სახელი, გვარი-
კლასი-
1.როგორ ფიქრობთ, მასწავლებლის შექება დადებითად აისახება თქვენს წარმატებაზე?
2.შეფასების რომელ  რომელი ფორმა მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად:
                        ა. შექება                  ბ. ქულა
3.უნდა  მისცეს თუ არა მასწავლებელმა მოსწავლეს შენიშვნა კლასის თანდასწრებით?
4.მოგწონთ  თუ  არა  სახალისო  გაკვეთილები?
5.მასწავლებელი  გთავაზობთ  თუ  არა  დავალების  არჩევის  საშუალებას?





რეფლექსია
   მოტივაციას, როგორც  იმპულსს, რომელიც  აღძრავს  ქმედებებს და  მათ გარკვეული  მიზნის მიღწევისკენ  მიმართავს, გადამწყვეტი  მნიშვნელობა  აქვს  პიროვნების  ნიჭისა  და  უნარების  რეალიზებაში.
 განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია  მოტივაცია  სასწავლო  პროცესში. ამიტომაც ავირჩიე  სწორედ  ამ  თემის  კვლევა. ჩემთვის ყველაზე  დიდი  წარმატება  იყო  ის,  რომ  მოვახერხე პრაქტიკის კვლევა, რაშიც  დამეხმარნენ    ჩემი  კოლეგები,  რომლებმაც  თვითონ გამოთქვეს  სურვილი  კვლევაში  მონაწილეობისა. კვლევის  დაწყებამდე ვცდილობდი,  მაგრამ  კარგად  არ  გამომდიოდა  თითოეულ  მოსწავლეზე  გათვლილი  მოტივაციის ამაღლების ფორმები. კვლევის  შემდეგ  კი კოლეგათა  საინტერესო  პასუხები   დამეხმარა  პრაქტიკის  კვლევაში.
 ვფიქრობ, კვლევის შემდეგ მოსწავლეებში გაიზრდება მოტივაციის დონე, რომელიც აუცილებლად  მოახდენს  გავლენას მათი ცოდნის ამაღლებაზე. გაიზრდება მათი ჩართულობა საგაკვეთილო და  სასკოლო  ცხოვრებაში.
 მე, ყოველთვის კრიტიკულად ვუდგები საკუთარ იდეებსა და პრაქტიკას, რომელიც საშუალებას   მაძლევს აქტიურად ვითანამშრომლო კოლეგებთან და ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ  მაღალ მოტივირებულ კლასს, მოსწავლეს, რაც საბოლოოდ,  წარმატების  საწინდარი  გახდება.
  ჩემს მიერ განხორციელებული კვლევა და მისი შედეგების გაზიარება, დაეხმარება პედაგოგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა, პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს კვლევის შედეგების გაცნობით დააკვირდნენ სწავლა- სწავლების პროცესს, და ბოლოს, კოლეგებს შეეძლებათ ჩემ მიერ მიღებული რეკომენდაციები გაითვალისწინონ,  რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.

                       

No comments:

Post a Comment